logo
ENG



კლინიკის დირექტორი: გაწერისას ლექსო ლაშქარავას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო

11 ივლ 202114:22
3 წუთის საკითხავი
 

კლინიკა ნეო ჰოსპიტალის წარმომადგენელი, ექიმი გიორგი რამიშვილი ამბობს, რომ ლექსო ლაშქარავას გაწერის დროს მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. 

რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება გამხდარიყო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი, რამიშვილი ამბობს, რომ ეს ექსპერტიზის საგანია. 

ნიუ ჰოსპიტალი ახლა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსთან თანამშრომლობს, რომელიც ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის დაავადების მიმდინარეობას და მკურნალობას შეისწავლის. 

"პაციენტის მდგომარეობა გაწერის დროს იყო დამაკმაყოფილებელი. მას მიეცა რეკომენდაციები. სტანდარტების მიხედვით ჩაუტარდა ყველა საჭირო ჩარევა და დახმარება. გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. 

გაწერის ვადა არის სტანდარტული, ის კლინიკიდან ნაადრევად არ გაწერილა. გაწერის წინ გაუკეთდა კვლევები, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფია. 

ვთანამშრომლობთ რეგულირების სააგენტოსთან, რომელიც სწავლობს დოკუმენტაციას - პაციენტის დაავადების მიმდინარეობას, შესრულებულ ჩარევებს და დასკვნას გამოიტანს რეგულირების სააგენტო.  

დანარჩენი არის ექსპერტიზის საგანი. უნდა იმსჯელოს ექსპერტიზამ, რომ არ იყოს სივრცე სპეკულაციებისთვის. 

პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა თვალ-ბუდეზე, რომელიც იყო დამსხვრეული. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იყო ტვინის შერყევაც". - თქვა გიორგი რამიშვილმა. 

ტვ პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს მაშინ სცემეს, როცა ძალადობრივი ჯგუფების მოძრაობა სირცხვილიას შეჭრას იღებდა. ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია, რომელიც 5 ივლისს მასთან ერთად მუშაობდა, ყვება, რომ ის რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გააკავა, კიდევ 2 ათეული მოძალადე კი ლექსო ლაშქარავას სასტიკად გაუსწორდა. 

ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი მისი ოჯახის წევრებმა 11 ივლისს, გამთენიისას ნახეს. მათი თქმით, ლაშქარავას ცხვირიდან სისხლი სდიოდა. ამ წუთებში მის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, რომელმაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უნდა დაადგინოს. 

18:00 საათზე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები დაიგეგმა. დემონსტრანტები პრემიერმინისტრის და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. 

პრერმინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც. 

***

5 ივლისს, 18:00 საათზე Tbilisi Pride-ის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში უნდა გამართულიყო. მსვლელობა რუსთაველის მეტროსთან 18:00 საათზე დაიგეგმა. საპატრიარქომ მალევე დააანონსა მარშის საწინააღმდეგო აქცია.

5 ივლისს, დილის 09:00 საათიდან ძალადობრივი ჯგუფები ჯერ ქაშუეთის ტაძრის უკან შეიკრიბნენ, მალევე კი პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ოპოზიციონერი აქტივისტების კარვები დაშალეს. მალევე მათ დაიწყეს ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა. სცემეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანეს აპარატურა და პირადი ნივთები 53 მედიამუშაკს, მათ შორის ფორმულას რამდენიმე გადამღებ ჯგუფს.

შეკრებილ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ სასულიერო პირები. "არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის" - ასე მიმართა შეკრებილებს დეკანოზმა სპირიდონმა. 

ძალადობრივმა ჯგუფებმა გადაინაცვლეს მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებთან. სირცხვილიას ოფისთან ჩაამსხვრიეს მინები, თბილისი პრაიდის ოფისში შეიჭრნენ და დაარბიეს ის. სცადეს გაეროს ოფისში შეჭრაც. 

მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო მცირე რაოდენობით პოლიციელი. ამაზე შს მინისტრმა განაცხადა, რომ იმდენი სამართალდამცველი იქნა მობილიზებული, "რისი საშუალებაც იყო". 

5 ივლისს, მაშინ, როცა ჟურნალისტებზე უკვე ძალადობდნენ, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა ძალადობრივი აქციის წევრებს, არამედ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას. 

ღირსების მარში გაუქმდა, თუმცა, რუსთაველის გამზირზე ძალადობა კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიის დაცვის მექანიზმად ჟურნალისტების გადაღების მოედნიდან გაყვანა გამოიყენა. 

5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად 6 ივლისს დაიგეგმა აქცია სოლიდარობისთვის.  თუმცა პრორუსულმა ჯგუფებმა ამ აქციაზეც იძალადეს. მათ აქციის მონაწილეებს ქვები, კვერცხები და წყლის ბოთლები ესროლეს. 


close დახურვა